თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფის მეექვსე, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა საბოლოოდ შეაჯერა პოზიციები იმ 5 ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერა. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფმა ორი თვის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, აქტიურად იმუშავა.

ვალდებულებებში ასახულია ის გზები, რომელიც მერიის მმართველობით პროცესებში საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.

როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გოგა კიკნაძემ განაცხადა, შეიქმნება უნიკალური ელექტრონული პლატფორმები, რომელთა მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, ჩაერთოს მმართველობით პროცესში, გაუზიაროს თავისი იდეები მერიას სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულებები, რომელიც გაწერილია სამოქმედო გეგმაში, ძირითადად, ინიცირებულია სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

„ჩვენ პერიოდულად ვაწარმოებდით შეხვედრას სამიზნე ჯგუფებთან და მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისის მთავრობა დაგვიმტკიცებს შემუშავებულ დოკუმენტს და თბილისი ჩაეწერება იმ ქალაქებს შორის, რომელთაც უკვე აქვთ სამოქმედო გეგმა და მასში ასახული ვალდებულებების შესრულებით უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიის ძირითადი პრინციპები - ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა გოგა კიკნაძემ.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული დოკუმენტის პროექტი თბილისის მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებლად.