11 ოქტ
საჯარო კონსულტაციები თბილისის მოსახლეობასთან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი გამართავს საჯარო კონსულტაციებს თბილისის მოსახლეობასთან, გამგეობებთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოების წარმომადგენლებთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და მოხალისეებთან, ბაგა-ბაღების მოსწავლეების მშობლებთან, შშმ და სოციალურად დაუცველ პირებთან.

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში კიდევ უფრო ფართო საზოგადოების ჩართვას, მათი მოსაზრებებისა თუ შენიშვნების განხილვასა და საჭიროებებზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის მომზადებას.

შეხვედრები გაიმართება მიმდინარე და მომდევნო კვირაში, დასწრება თავისუფალია. იხილეთ მიმდინარე კვირის შეხვედრების გრაფიკი:

1. შეხვედრა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და მოხალისეებთან
ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება
მის: დ. აღმაშენებლის გამზ. 84/24; მე-6 სართული
შეხვედრის დრო: 15:00-დან 17:00-მდე (12/10/2016)

2. შეხვედრა საზოგადოებრივ საბჭოებთან
საბურთალოს გამგეობა
მის: მიცკევიჩის N29; მე-3 სართული, საკონფერენციო დარბაზი
ტელ: 2 37 43 61
შეხვედრის დრო: 14:00-დან 16:00-მდე (12/10/2016)

3. შეხვედრა სოციალურად დაუცველ, ასევე შშმ პირებთან
ისანის გამგეობა
მის: თბილისი. ნავთლუღის ქ. 8/1; მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი.
ტელ: 2 375 029, 2 318 896
შეხვედრის დრო: 12:00-დან 14:00-მდე (13/10/2016)

4. შეხვედრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან
ჩუღურეთის რაიონი
მის: აღმაშენებლის 136; ელენე ახვლედიანის საბავშვო გალერეის დარბაზი
15:00-დან 17:00-მდე ((13/10/2016)

მომდევნო კვირის განრიგი ვებ-გვერდზე განთავსდება უახლოეს მომავალში. გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი ვებ გვერდი და ადევნოთ თვალყური მიმდინარე პროცესებს.

ვრცლად
05 ოქტ
„ღია მმართველობა პარტნიორობის“- სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

03 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „ღია მმართველობა პარტნიორობის“  ფარგლებში, სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი ხელმძღვანელობდა, მერიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს „ღია მმართველობა პარტნიორობის“  ფარგლებში სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია (იხ. ბმული - სამუშაო ვერსია დაიდება 12.10ში და მერე მივაბათ ლინკი), რომელიც საზოგადოების ჩართულობით ბიუჯეტის შედგენას, მისი ხარჯვის ინტერაქტიულ გასაჯაროებას, ელექტრონული მთავრობის შემოღებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა  მონაწილეობის ხელშეწყობის წესის დანერგვას, სერვისების ელექტრონულად მიწოდებას, მმართველობაში მოქალაქეთა ჩართვისთვის ელექტრონული პლათფორმის ჩამოყალიბებას და სხვა ღონისძიებებს გულისხმობსა.  

 

სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილებას 30 მაისიდან ახორციელებს. სამუშაო ჯგუფის პირველი ოფიციალური სხდომა 10 ივნისს გაიმართა (იხ. ბმული - ლინკი სხდომის ოქმზე, რომელიც ოქმების გრაფაში დაიდება). 

ვრცლად
22 ივლ
ნინა ხატისკაცი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ დიალოგს დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით  ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ  აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ დიალოგს დაესწრო.

დიალოგში მონაწილეობდნენ მმართველობის პარტნიორობის საპილოტე პროგრამისთვის შერჩეული  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისი. საპილოტე პროგრამაში შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეიმუშაონ და 2017 წელს განახორციელონ ვალდებულებები, რომელიც მმართველობაში საზოგადოების ჩართულობის, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  და ღია მმართველობის სხვა სტანდარტების გაზრდისკენ არის მიმართული. აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონული დიალოგის მიზანი მონაწილე ქვეყნების მიერ ამ ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერაა. 

რეგიონული დიალოგის ფარგლებში ნინა ხატისკაცმა თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების ღია მმართველობის არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო განვითარების ხედვაზე ისაუბრა.  მერის მოადგილემ  ყურადღება გაამახვილა OGP-ის ფარგლებში თბილისის მიერ ასაღები ვალდებულებების შემუშავების პროცესს და ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის საჭიროებას. ნინა ხატისკაცმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლების  განსაკუთრებულ როლსა და გამოწვევებს ღია მმართველობის სტანდარტების ამაღლების პროცესში. 

2016 წლის რეგიონული დიალოგის ფარგლებში შეფასდება ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლებების (მათ შორის საქართველოს) მიერ 5 წლის მანძილზე  დაგროვილი მიღწევები  და განისაზღვრება სამომავლო სამოქმედო პრიორიტეტები. 

ვრცლად
14 აპრ
თბილისი პროგრამის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულია

თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელიც  მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა. შედეგად, საქართველოს დედაქალაქი ჩაერთვება ადგილობრივ  ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში.

ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით მმართველობას გახდის კიდევ უფრო მეტად ღიას, გამჭვირვალეს და მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებულს. თბილისი და შესარჩევი ეტაპის სხვა გამარჯვებული ადგილობრივი ხელისუფლებები (პარიზი (საფრანგეთი), ონტარიო (კანადა), მადრიდი (ესპანეთი), შოტლანდია (გაერთიანებული სამეფო), ელგეიო მარაკეტი (კენია), ჯალისკო (მექსიკა), სეული (სამხრეთ კორეა) და სხვა) კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება გეგმის იმპლიმენტაცია. სამოქმედო გეგმისა და აღებული ვალდებულებების შესრულებას  მონიტორინგს გაუწევს OGP „დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის“ (IRM) მეშვეობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით თბილისი ხდება იმ დიდი ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და სხვა პირებს, რომლებიც  მიზნად ისახავენ შეცვალონ და გააუმჯობესონ მმართველობის კულტურა და „ღია მმართველობის პარტნიორობას“ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრებენ.

 „ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი პროგრამაში ჩართვისათვის, რადგან OGP მოიაზრება ღია მამრთველობის რეფორმებისა და ამ მიმართულებით ინოვაციების განხორციელების მნიშვნელოვან პლატფორმად. ის, რომ თბილისი მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით გამართული კონკურსის 15 ფინალისტს შორის, თავისთავად მეტყველებს ჩვენი ხედვებისა და საქმიანობის OGP-ის მიზნებთან თანხვედრაზე, თუმცა კიდევ დიდი ძალისხმევაა გასაწევი ამ მიმართულებით. უახლოეს თვეებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ სამოქმედო გეგმის შედგენასა და მის შესრულებაზე. ამ პროცესში ყველა ის უწყება და ორგანიზაცია იქნება ჩართული, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში OGP-ის პრინციპების დამკვიდრების მიმართულებით“, განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალია დაინტერესება ადგილობრივ ხელისუფლებებთან მოქალაქეთა ურთიერთობების პროცესის გაუმჯობესებით... მეამაყება, რომ სწორედ ჩვენი ორგანიზაციაა მსოფლიოს მრავალი საინტერესო და ინოვატორული რეფორმის მხარდამჭერი და ინიციატორი“ -  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი, სანჯეი პრადჰანი.

ვრცლად