თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მერიის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე თბილისის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საზოგადოების გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და ვალდებულებები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმ იდეებზეც იმსჯელეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და პროაქტიური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების განვითარებას ეხება.

დღევანდელ შეხვედრაზე OGP-ის კომისიის თანათავმჯდომარედ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ანა კალანდიშვილის კანდიდატურა დასახელდა.

თბილისის მერიის აპარატის უფროსის, OGP-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი კიკნაძის განცხადებით, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებულ ორწლიან სამოქმედო გეგმას თბილისის მთავრობა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

„თბილისის მერიაში OGP-ის ჯგუფის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან თანათავმჯდომარეობის პრინციპი დამტკიცდა. კომისიას ორი თავმჯდომარე ეყოლება. ერთს წარმოვადგენ მე, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურის შესაბამისად, თანათავმჯდომარე ანა კალანდიშვილი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე საჯარო კონსულტაციების შედეგად, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები განვიხილეთ. 31 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების სამიზნე ჯგუფებს შევხდით, სადაც ის ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია და რომელიც ჩვენს სამოქმედო გეგმაში იქნება გათვალისწინებული. აღნიშნულ სამოქმედო გეგმას დედაქალაქის მთავრობა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.