დედაქალაქის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა

თბილისის მერიის ღია მმართველობის (OGP) განახლებული სამუშაო ჯგუფმა რიგით მეორე სხდომა გამართა. სხდომაზე ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ჯგუფს არასამთავრობო სექტორიდან თანათავმჯდომარე ეყოლება.

თბილისის მერიის აპარატის უფროსის, OGP-ს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გიორგი კიკნაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება შეხვედრა მოსახლეობის სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან. ჯგუფის წევრები მოსახლეობას OGP-ის სამოქმედო გეგმას გააცნობენ და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას განუმარტავენ.

გიორგი კიკნაძის თქმით, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით შეირჩა თემატური ჯგუფები, რომლებთანაც ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩატარდება.

„სამუშაო ჯგუფს ეყოლება თანათავმჯდომარე არასამთავრობო სექტორიდან, რაც მისასალმებელი პროცესია. გარდა ამისა, გრძელვადიანი დღის წესრიგის მიხედვით, ვიწყებთ შეხვედრას ფოკუს ჯგუფებთან. მოსახლეობას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას, თუ რაზე არის საუბარი OGP-ის ირგვლივ და როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესებში. შეირჩა თემატური ჯგუფები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები, რომელსაც ექნება სისტემატური ხასიათი. ჩვენს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება თითოეული სეგმენტის აზრი“, - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.

OGP-ს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. სამუშაო ჯგუფის ფუნქციას თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მომზადების, მისი შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს.