პარიზის 2016 წლის გლობალურ სამიტზე საჯაროდ დამტკიცდა და საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინა თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში 2016 წლის 7-9 დეკემბერს პარიზში გაიმართა რიგით მეოთხე გლობალური სამიტი.

რამდენიმე წელია ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, სახელმწიფო და ახლა უკვე ადგილობრივი ხელიხუფლებების რეფორმატორთა წრის გაფართოებისა და სტიმულირებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამიტზე იკრიბებიან მთავრობების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება თუ საუკეთესო პრაქტიკა და  ერთობლივად იზრუნონ ღია მთავრობის სამომავლო გეგმების განსაზღვრაზე.

ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე მონაწილეობდა 70 ქვეყნისა და 15 ადგილობრივი ხელისუფლების 3000 წარმომადგენელი.

ღია მმართველობის პრატნიორობის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 15 ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარიზში ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის დელეგაციაც. თბილისის მერმა და მერის მოადგილემ, ნინო ხატისკაცმა თავიანთ გამოსვლებში შეაჯამეს თბილისში არსებული მდგომარეობა ღია მმართველობის კუთხით და ისაუბრეს სამომავლო გამოწვევებსა და დაგეგმილ პროგრესზე. სამიტის ფარგლებში თბილისის მერმა ხელი მოაწერა ადგილობრივი ხელისუფლებების ღია მმართველობის დეკლარაციას.

პარიზის 2016 წლის გლობალურ სამიტზე საჯაროდ დამტკიცდა და საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინა თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც დაიწყება 2017 წლის იანვრიდან და დასრულდება 2017 წლის დეკემბერში.