თბილისის მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

   16 ნოემბერს თბილისის მთავრობამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 7-9 დეკემბერს პარიზის სამიტზე წარუდგენს საერთაშორისო საზოგადოებას.

   სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პირი, სამოქალაქო სექტორისა თუ სხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლი და მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფებთან საჯარო კონსულტაციების საფუძველზე შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2017 წლისთვის შესასრულებელ 5 ძირითად ვალდებულებას (იხ. ბმული) აღნიშნული ვალდებულებების შესრულება თბილისის მერიას გახდის უფრო ანგარიშვალდებულს საზოგადოების მიმართ და არსებითად აამაღლებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივ ჩართულობას თბილისის მერიის მმართველობით საქმიანობაში.

   შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ვალდებულებებს თბილისი იღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საპილოტე პროგრამის ფარგლებში და ხდება იმ დიდი ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და სხვა პირებს, რომლებიც  მიზნად ისახავენ შეცვალონ და გააუმჯობესონ მმართველობის კულტურა და „ღია მმართველობის პარტნიორობას“ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრებენ.