ქ. თბილისის მთავრობამ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია დაამტკიცა

2020 წლის 22 ივლისს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია ქ. თბილისის მერიის მიერ 20018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

ქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს, USAID-სა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (GYLA) აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე, ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის შესრულების მნიშვნელობაზე ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით.

სტრატეგია მოიცავს 6 ძირითად მიმართულებას:

  • მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • კორუფციული რისკების შემცირება;
  • მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა;
  • ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა;
  • კეთილსინდისიერების ამაღლება;

სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილია 2021-2023 წლებში.